ირაკლი ღარიბაშვილი - დაგეგმილი გვაქვს, რომ სამ წელიწადში 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს
დაგეგმილი გვაქვს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო სამ წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება დაახლოებით 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.
„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა არის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, გადაუჭრელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ირაკლი ქარსელაძესთან გავიარეთ ეს საკითხი და გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მომდევნო სამ წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება დაახლოებით 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მელიორაციის საკითხზე.
„მინდა, აღვნიშნო მელიორაციის საკითხი. ორი დღის წინ ვიმყოფებოდით ახმეტაში და იქ მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობი, სავარგულები, რომლებიც არის დამუშავებული, მაგრამ არ აქვთ წყალი, ანუ არ არის გაწყლოვანება, ასე რომ, ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია დღეს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, მომდევნო სამ წელიწადში 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შეეძლებათ, მეტი ფართობები დაამუშაონ და ისარგებლონ ამ ჩვენი სიმდიდრით, რომელიც არის მიწა. ამას უკავშირდება სწორედ ის პროექტი, რომელიც ჩვენ ორი დღის წინ დავაანონსეთ რატი ბრეგაძესთან ერთად, მიწის რეგისტრაცია, რომელიც აუცილებელია. 1 200 000 ჰა მიწა დღეს არის დაურეგისტრირებელი. არის სრული ქაოსი და არ ვიცით, ვის ეკუთვნის ეს მიწა, არის სახელმწიფოსი, კერძო სექტორის, თუ ა.შ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ინტეგრირდება ჩვენს პროექტებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.