ირაკლი ღარიბაშვილი - პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე, ვფიქრობ, ყველა კითხვა მოიხსნება
პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის, ვალის აღებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოიხსნება.
„რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რამ განაპირობა, რატომ ვთქვით უარი აღნიშნული დამატებითი სესხის, ვალის აღებაზე. მე ვფიქრობ, ყველა კითხვა იქნება მოხსნილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება „მთავარი არხის“ ჟურნალიტის კითხვას, რომ „კელი დეგნანმა თქვა სიტყვა – დახმარება“, – ღარიბაშვილის განმარტებით, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სესხი.
„მე მოვისმინე ქალბატონი ელჩის განცხადება და მან ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი. საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ, სირცხვილია, ხალხს ელაპარაკებით და … თქვენზე არ მაქვს საუბარი, ვიცი, რომ იღებთ დავალებებს, „ნაცმოძრაობაზე“ ვსაუბრობ. შავით თეთრზე, პირდაპირ, ცხადად წერია, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ რჩება. ეს იყო ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულება. საერთოდ, უხერხულიც არის, ამდენი საუბარი რომ გვიწევს, ჩვენი მოსახლეობა დაიღალა. ამდენი პრობლემაა, ილაპარაკეთ ამ პროექტებზე, რეფორმებზე, იმ სიკეთეებზე, რომელიც იქმნება ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.