ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს, აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას პლატფორმით, რომელიც თბილისში შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივამ მუდმივი ფორმა და ხასიათი რომ შეიძინოს, თბილისში დიალოგის პლატფორმა შეიქმნება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოძმე სახელმწიფოებს, აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს საქართველო მედიაციას სთავაზობს.
„ეს არის ჩვენი ინიციატივა. მოგეხსენებათ, ივნისში შევქმენით მართლაც იშვიათი პრეცედენტი, როცა ჩვენმა ქვეყანამ წარმატებული მედიაციით განახორციელა სამშვიდობო ოპერაცია, მოლაპარაკებისა და მედიაციის გზით მოხდა 15 დაკავებული სომეხი სამხედროს გათავისუფლება და ასევე აზერბაიჯანისთვის სომხეთის მხრიდან დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 30 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როცა საქართველოს ორ ქვეყანას შორის, ჩვენს მეზობლებს შორის მედიაცია განეხორციელებინოს და ეს წარმატებით შევძელით. სწორედ ჩემი ეს ინიციატივა უკავშირდება ამ პროცესის გაგრძელებას უფრო მაღალ დონეზე და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს მოძმე სახელმწიფოებს, აზერბაიჯანელ და სომეხ ძმებს ვთავაზობთ მედიაციას. ამ პლატფორმას, რომლის შექმნასაც ვაპირებთ ახლა თბილისში, რა თქმა უნდა, უფრო პერმანენტული, მუდმივი ფორმა და ხასიათი შეიძინოს აღნიშნულმა ინიციატივამ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიაში „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივაზე“ გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას 25 სექტემბერს ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „საქართველო მზად არის, თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები“.