ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მეგობრებს ვეუბნები, რომ სტატუსი უფრო მომხიბვლელს გახდის აფხაზი, ოსი დებისა და ძმებისთვის ჩვენთან თანაცხოვრებას, პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ჩვენ გარეშე გააგრძელონ განვითარება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მეგობრებს ვეუბნები, რომ სტატუსი უფრო მომხიბვლელს გახდის აფხაზი, ოსი დებისა და ძმებისთვის ჩვენთან თანაცხოვრებას, პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ჩვენ გარეშე გააგრძელონ განვითარება

ჩვენს მეგობრებს ვეუბნები, რომ სტატუსი უფრო მომხიბვლელს გახდის აფხაზი, ოსი დებისა და ძმებისთვის ჩვენთან თანაცხოვრებას, პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ჩვენ გარეშე გააგრძელონ განვითარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, დღევანდელი შეხვედრებიდან გამომდინარე, რამდენად აქვთ გაცნობიერებული პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომ კანდიდატის სტატუსი, შესაძლოა, კიდევ ერთი მომხიბვლელი ფაქტორი იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორებს აღნიშნულ საკითხზე ესაუბრება.

„როდესაც ვესაუბრები ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, ვეუბნები, რომ სტატუსი კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრებას. მე უბრალოდ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აფხაზებმა და ოსებმა ჩვენ გარეშე გააგრძელონ განვითარება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რამხელა პრობლემების წინაშე არიან ისინი. ამ დროს ისინი უყურებენ, რამხელა პროგრესი აქვს ასეთ მოკლე პერიოდში საქართველოს მთლიანად ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. აუცილებელია და მე ვერ წარმომიდგენია ჩვენი ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის გაერთიანების გარეშე. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნები სრულყოფილი, ვერ შევდგებით, როგორც ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო. ამიტომ ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ძალის, ჩვენი ყველა ​მოქალაქის მთავარი მიზანი“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ მიზნისკენ გეგმაზომიერად მიდის.

„ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ყოველი ჩვენი პრაგმატული, გააზრებული, გონიერი მოქმედება, ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან. წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ქვეყანა გაერთიანდეს. ხომ ვიცით, რომ სრულიად სხვანაირი ქვეყანა ვიქნებით ავტომატურად, იმავე წუთს, იმავე წამს გავხდებით სხვანაირი ქვეყანა, სხვანაირ მომხიბვლელობას შეიძენს საქართველო. ჩვენ შეიძლება გავხდეთ, ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანა მთელ მსოფლიოში, არათუ რეგიონში. მინდა, ეს კარგად გაიაზრონ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა და დებმა. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული. ჩვენ არავისთან გვინდა არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაპირისპირება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.