ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა
ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება შეძლეს.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც, რა თქმა უნდა, კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეტა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ, პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო, თუ რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ, მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არარსებობა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებით. ლარის კურსი თითქმის 3,4 შეადგენდა დოლართან მიმართებით. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ ლოქდაუნში და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.