ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას, გთხოვთ, პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას, გთხოვთ, პატივისცემით მოიხსენიოთ მოსამართლეები, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან

თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „აშშ-სგან იცავთ სასამართლოს? ვისგან სჭირდებათ დაცვა?“

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გააკეთებს მაქსიმუმს, რათა სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან.

„ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, და კიდევ ერთხელ, გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტული, კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს, ეს ერთი; მეორე, მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და ნატო-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს, მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან, როგორც მთავრობის თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მგონი, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.