ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა
ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილებები განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში არაერთი მინისტრის მმართველობის დროს და მოქმედ მინისტრს, რატი ბრეგაძესაც აქვს ძალიან ბევრი ინიციატივა, რომლებიც პატიმრების ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, თუ როგორ არაადამიანურად, სადისტურად ექცეოდნენ ჩვენს პატიმრებს, მიმდინარეობდა წამება, მკვლელობა, ტანჯვა ჩვენი მოქალაქეების, რაც, რა თქმა უნდა, იყო სისტემური დანაშაული და ამ ყველაფერზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი. ამის შემდეგ, 2012 წლიდან რადიკალური ცვლილებები განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში არაერთი მინისტრის მმართველობის დროს. რატისაც აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა, პატიმრების ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება ხდება, გაუმჯობესების მიმართულებით იქნება ასევე ფორმალური თუ არაფორმალური განათლების კურსების შეთავაზება, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ჩართვა. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს პატიმრებზე, ეს არის ჩვენი ჰუმანური პოლიტიკის ხელწერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, შედარებისთვის, თუ წინა მთავრობის დროს, ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ათასობით განაცხადს, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი.
„ეს იყო დაახლოებით სამი ათასი, ოთხი ათასი განაცხადი, 2022 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით კი სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ სულ რაღაც 138 საჩივარი. ეს არის რადიკალური ცვლილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა ათ წელიწადში. ამიტომ, ეს წამება და ტანჯვა ქვეყანაში აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. ასევე, ჩვენი მთავრობის აქტიური მუშაობით, საქართველომ მოიგო 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, რაც ჩვენი მთავრობის დამსახურებაა და ჩვენი საჯარო მოხელეების დამსახურებააა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მათ.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში საშუალოდ დაახლოებით 146 იყო 2011-2012 წლებში, 20-მდე არის შემცირებული, ამხელა ცვლილებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ კოდექსზე.
„ბევრი კეთდება, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ახლა ახალი კოდექსის საბოლოო ვარიანტი გაეგზავნა პარლამენტს და ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ახალი კოდექსის მიღებაზე. ასევე, პრობაციის ბიუროში სერიოზული ცვლილებები გვაქვს. ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობების პრეზენტაცია მოხდა რამდენიმე თვის წინ, ე.წ. პრობოქსი აღჭურვილია თითის ანაბეჭდის და სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით. აგრეთვე, მობილური სახლის – იუსტიციის სახლის ინოვაციური პროექტი განხორციელდება, რომელიც ასევე გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს სერვისებზე ხელმისაწვდომობას, 470-მდე სერვისით სარგებლობა შეეძლება ჩვენს მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა. 117 სახლი არის აშენებული უკვე.
სამი წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უკვე დადგენილი გრაფიკის მიხედვით სამუშაოები და სამ წელში დასრულდება აღნიშნული პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.