ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებზე შეესაბამება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას, ჩვენი მთავრობის პოზიცია ნაკარნახევია ეროვნული ინტერესებით
ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ.
„წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას. ჩემ მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა, გითხრათ, ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.