ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ უნახავთ მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე არცერთი მტკიცებულება, შესაბამისად, ჩემთვის ეს დიდ კითხვის ნიშანს აჩენს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ უნახავთ მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე არცერთი მტკიცებულება, შესაბამისად, ჩემთვის ეს დიდ კითხვის ნიშანს აჩენს

ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შედგება საუბარი ქვეყნის პარტნიორებთან და არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„არათუ მე, ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა აშშ-ის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია. ამის თაობაზე გაეცანით საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაც მან მიმართა თავის კოლეგას. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა.

ეს იყო სიურპრიზი ჩვენთვის. არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო, თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის.ეს არის დაუშვებელი. ხელისუფლებები, მთავრობები აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოების დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ეს არის ერთგვარი ტაბუ, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივსდევთ, როგორც მთავრობა და ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ კიდევ უფრო მეტად და განვამტკიცებთ. ჩვენი საერთო სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.