ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უნიკალურობით, ვართ მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტოლერანტული ქვეყანა, ყველას ერთად გვაქვს მთავარი იდეა და მიზანი, გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ცხრა წელი გადის და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ მთელს ქვეყანაში, ამ რეგიონში, ახალქალაქში, იქნება ეს გზები, წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების პროექტები, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია-აღდგენა, საავადმყოფოებისა და ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღსანიშნავია ადგილობრივი წარმოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც ბევრი სამუშაო ადგილი შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენთვის, ხალხისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე და ამ მიზნით ჩვენ კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ. 2,5 მილიარდი ჩაიდება ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. ვიცი, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ახალქალაქში, ერთგული, პატრიოტი ხალხი, რომლებიც საკუთარი შრომით ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებს და აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა სწორედ ჩვენი უნიკალურობით, ვართ მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტოლერანტული ქვეყანა და ჩვენ ყველას ერთად გვაქვს მთავარი იდეა და მიზანი – გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო, ფეხზე დადგეს ჩვენი სოფელი, ჩვენი რეგიონი, ჩვენი ოჯახები. ჩვენ ვართ ტრადიციული ხალხი, ტრადიციული საზოგადოება და ვიცით, რაზე დგას ჩვენი ქვეყანა. მთავარი ღირებულება ეს არის ოჯახი, ოჯახზე დგას სწორედ ჩვენი ქვეყნის ძლიერება. ვიცი, რომ ყველანი, აქ მცხოვრები ხალხი, ეთნიკური სომხები, ქართველები, ყველანი ერთად ვაძლიერებთ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს დიდ ოჯახს – საქართველოს. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, იყო შეცდომებიც, ტკივილიც, განსაცდელიც, ომებიც და უამრავი სხვა ტრაგედია გამოიარა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ, მაგრამ ჩვენ გმირულად გავუძელით, გამოვიარეთ ეს პერიოდი და ახლა უნდა გადავიდეთ სწრაფი განვითარების ეტაპზე. საჭიროა მეტი განვითარება ქალაქებში, სოფლებში, რეგიონებში, ყველგან, ყველა მიმართულებით, რომ ოჯახები გავაძლიეროთ, ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან მასშტაბური პროექტები იგეგმება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რომ ყველა გზა იყოს მოწესრიგებული.
„ვიცი, რომ მუნიციპალიტეტში სოფლებიდან მომავალი თითქმის ყველა გზა, შეიძლება ითქვას, რომ მოწესრიგებულია. ჩვენ ჯამში ათი ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია შევძელით ამ მოკლე პერიოდში და ეს პროცესი გრძელდება. დავაფინანსეთ უამრავი საწარმო, ახლების შექმნა თუ არსებულების გადაიარაღება“, – აღნიშნა პრემიერმა.