ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, გთხოვთ, ჩავიტაროთ ვაქცინაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა ახალ ჩაკეტვებს ვეღარ გაუძლებს.

ღარიბაშვილის თქმით, მკაცრი შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ყველაფერი გავხსენით. რამდენიმე თვეა, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. გვაქვს უპრეცედენტო ზრდა მთელ მსოფლიოში, 45%-იანი აპრილის თვეში, 24%-იანი მაისის თვეში, 18%-იანს ველით ივნისის თვეში, 12%-იანი ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია. მეტიც – ბატონმა ფინანსთა მინისტრმა წარადგინა კორექტირებული ბიუჯეტი, მილიარდზე მეტით გავზარდეთ წლევანდელი ბიუჯეტი, რამაც მოგვცა საშუალება, დავაფინანსოთ არაერთი პროგრამა ჩვენი მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, მინდა, ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, რომ ბევრია საუბარი, კითხვებიც დაისვა ბოლოს დროს, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეფექტიანად ვმართოთ ეს ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც ლოკდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. მეტიც – ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი. ამიტომ ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც უსაფრთხოა. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ტყუილს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.