ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პირველი ვალი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვემსახუროთ მოსახლეობას და მაქსიმალურად მოკლე დროში გადავუჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემები
რაც შეეხება ჩვენს მომავალს, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და პრაქტიკულად დავასრულეთ, პირველადი დოკუმენტი შევქმენით, გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდაიქმნას ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად.
„მთავრობამ შეიმუშავა, ჩემი დავალებით, თითოეულმა სამინისტრომ, ყველა სექტორის მიმართულებით, გრძელვადიანი განვითარების ხედვა, თუ როგორ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განახლება, რას ვგეგმავთ ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგმება მთავრობის მხრიდან, განათლების მიმართულებით და ა.შ. ჩვენი ამოცანა უნდა იყო, რომ ყველა სკოლა მოეწყოს და აშენდეს ევროპული სტანდარტის მიხედვით. ჩვენ, მეგობრებო, თამასა ყველგან უნდა ავწიოთ მაქსიმალურად.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად, სიკეთე და განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ამ მშვიდობისა და სტაბილურობის ფონზე, მეტი განვითარება რეგიონების. განვითარება, მუშაობა, შრომა გვჭირდება 24-საათიანი.
ხალხს უნდა ვემსახუროთ, ჩემს გამოსვლებში ეს არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, ჩვენი პირველი ვალი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას და მაქსიმალურად მოკლე დროში გადავუჭრათ მათ წინაშე არსებული პრობლემები. დღეს, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევად სიღარიბე და ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, ჩვენი მოქალაქეების.
მიუხედავად იმისა, რაც ჩამოვთვალე პროგრამები, რომლებმაც გამოიღო შედეგი და ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენ გვაქვს მართლაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა, ძალიან მოკლე ვადებში შევძელით ეკონომიკის აღდგენა, ეს, რა თქმა უნდა, არის შესანარჩუნებელი, განვითარების ეს ტემპი. ჩვენი გათვლებით და ჩვენი გეგმების მიხედვით, ეკონომიკის გაორმაგება არის ძალიან თავისუფლად შესაძლებელი მომდევნო წლების განმავლობაში, მაქსიმუმ 10 წელიწადში. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი თანმიმდევრული, მიზანმიმართული, რაზეც მე ახლა ვსაუბრობ, სექტორულად, კომპლექსურად მივუდგებით ყველა საკითხს და ვიმუშავებთ 24 საათი ყველანი ერთად, თავისუფლად არის შესაძლებელი, 10 წელიწადში, ჩვენი ქვეყანა შევცვალოთ რეალურად და რეალურად ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო საზრუნავი და მიზანი და ამ მიზნის გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ხალხი.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ამ დიდ მიზანს. რა თქმა უნდა, ერთ დღეში ამის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ყოველ წელს უნდა ვაჩვენოთ პროგრესი. ეს პროგრესი უნდა იყოს ნახტომისებური. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაგარი, გაათმაგებული მუშაობა. არ არის საკმარისი ის ტემპები, რომელიც ქვეყანაში იყო და არის ჯერ კიდევ. ამიტომ, სრული მობილიზება გვჭირდება მთავრობას, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზეც, იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მე გითხარით, რომ საჭირო იყო და არის გრძელვადიანი ხედვა, რომელიც გვაქვს, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, ყველა სამინისტრომ იცის თავისი მიმართულებით, კონკრეტულად რა უნდა აკეთოს მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ მივაღწიოთ ჩვენს დასახულ მიზნებს და რეალურად, როგორ შემოვიტანოთ მეტი განვითარება და პროგრესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.