ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ხედვაა, უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ეფექტიანი პენიტენციური სისტემა, რომელიც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს
საქართველოს მთავრობის ხედვაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური, დანაშაულის პრევენციის სისტემა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება, იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს და მათ ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის, სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
„ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს და მათ ღირსებას. ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას. შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენცია სწორედ ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომია ადეკვატური და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები, არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.