ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავი არის უსაფრთხოება, მტკიცედ მივუყვებით ჩვენ მიერ არჩეულ მშვიდობიან პოლიტიკას, გვჭირდება გონიერება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა და კეთილდღეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც 44 ქვეყნის ლიდერი იყო შეკრებილი, ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს ევროპაში და მთელ მსოფლიოში მთავარი გამოწვევა უკავშირდება უსაფრთხოებას.
„რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც არის პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა – ევროპული გაერთიანება, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა პრაღაში. 44 ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ, შემდეგ ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და მქონდა პატივი, მეხელმძღვანელა მათ შორის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფისთვის. ძალიან საინტერესო დისკუსია მოვისმინეთ. მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ევროპასა და მთელ მსოფლიოშია, არის უსაფრთხოების გამოწვევები. ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს პოვებს და ჩვენ ყველა ვართ მოწოდებული, დაინტერესებული, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავი მშვიდობა და უსაფრთხოებაა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, ყველასი, ამ ქვეყნის მკვიდრი ყველა მოქალაქის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პრაღაში დისკუსიებისას ასევე მთავარი თემა იყო ენერგოუსაფრთხოება.
„დღეს ევროპაში არის ძალიან მწვავე ენერგოკრიზისი, რადგან კარგად მოგეხსენებათ, რუსეთმა გაზი შეუწყვიტა, 7 პროცენტამდე შეამცირა უკვე გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად, ევროპის ქვეყნები ახლა მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც არ იქნება ძალიან იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში. ამ თემებზე იყო საუბარი. ბუნებრივია, უკრაინის ომი არის დიდი გამოწვევა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი არ ყოფილა მთელ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველო მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა.
„ჩვენ – საქართველო, როგორც ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, ვართ მონაწილე ამ პროცესების. ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ჩვენს რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანში, სომხეთში, ბუნებრივია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თურქეთში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, იყოს უფრო მეტად შეხმატკბილებული ურთიერთობა და ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა, რადგან პირველი შეხვედრა შედგა, სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. საქართველო ასევე არის მედიაციის პროცესში ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ძალიან მტკიცედ მიუყვება არჩეულ მშვიდობიან პოლიტიკას.
„მთავარი, რაც მინდა, გითხრათ – არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ აქვს, ჩვენ ძალიან მტკიცედ მივუყვებით ჩვენს გზას, ჩვენს არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ზამთარში არავითარი შეფერხება არ ექნება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოქალაქეებს, არც ენერგომომარაგების კუთხით. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგარძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება. მსოფლიო ბანკის შეფასებაც გამოქვეყნდა და ჩვენ მთელი ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ევროპის ქვეყნებში არის ძალიან მძიმე ვითარება ამ კუთხითაც. ამ ფონზე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდად. რა თქმა უნდა, გვაქვს საკუთარი გამოწვევები, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გვჭირდება გონიერება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, მეტი სიყვარული, სიხარული და პოზიტივი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბრისას.