ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების გაძლიერებას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მის დაცვას.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ თავდაცვის უწყების გრძელვადიანი განვითარების პრეზენტაციას, რომელსაც ბატონი მინისტრი წარადგენს. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი დაგეგმვა, თითოეულმა უწყებამ უკვე შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების, ხედვის პირველადი დოკუმენტები და სწორედ ამ დოკუმენტის წარდგენას განვახორციელებთ დღეს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო. ჩვენ ძალიან ბევრი რამ განვახორციელეთ ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა, ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთად შემუშავებული ის გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რა დგას 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან.

„მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რა დგას ამ 10 წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან. როდესაც მე ვიყავი მინისტრი, მაშინ მქონდა არაერთი შეხვედრა თავდაცვის ძალების იმ დროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან, ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა მყარი გარანტია და საფუძველი ჩვენი ჯარის განვითარების. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებელი შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და ექვსი თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან და სწორედ დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.