ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც გავუზიარეთ შარლ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს
მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი პრეზიდენტ მიშელთან. უპირველესად, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მან შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში.
„მე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ მიშელთან. მინდა, უპირველესად, ვთქვა, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს საქართველოში, ბათუმში ჩამოსული. პრეზიდენტი მიშელი, მისი ვიზიტი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები გვეწვივნენ. დღეს ერთობლივად განვიხილავთ ტრიოს ფორმატში ჩვენს რეგიონულ თანამშრომლობას, ასევე იმ საკითხებს, რომელიც სამივე ქვეყანას აქვს დღის წესრიგში.
ამასთან, შარლ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. ვუთხარი, რომ ჩვენი მხრივ, ვართ მოტივირებული, მივყვებით ამ პროცესს და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება ის პირობები, რომელიც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. აქვე, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს ხელი მოწერილი აღნიშნულ შეთანხმებაზე, რაც ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისა და ზოგადად, სიტუაციის დამშვიდებისთვის.
ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.