ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე სერვისები, მომდევნო წლებში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე სერვისები, მომდევნო წლებში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო პირველ რიგში ბატონ მინისტრს, ვინაიდან მისთვის ეს არის პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მინისტრის რანგში. მინდა, მივულოცო გარდაბნის მოსახლეობას, ვინაიდან ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. როგორც აღინიშნა, 450-ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი ამ შენობაში. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომლებზეც მუშაობს ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.

მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ თქვენს თანამშრომლებს. ბატონო მინისტრო, მინდა, ყველას მოგილოცოთ და გადაგიხადოთ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის და გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.