ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი
ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის, მიმართულების შესახებ მათ კონსტიტუციაშიც ჩაწერეს.
„რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი. ჩვენ ეს ჩვენი ნებით, ჩვენი გადაწყვეტილებით კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. სწორედ ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს მოეწერა ხელი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში გაკეთებული განცხადებაც შეაფასა.
პრემიერის თქმით, სასამართლოში ძირეული რეფორმები განახორციელეს, თუმცა სრულყოფილად რეფორმების გატარებას დრო სჭირდება და პროცესი გრძელდება.
„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ძირეული რეფორმები განვახორციელეთ. ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. რომ იტყვიან, ერთ დღეში არ აშენებულა რომი, ამას სჭირდება დრო, ამ რვა წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვროკავშირის მხრიდან მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.