ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, მოქალაქეების პასუხისმგებლობამ, ეპიდემიოლოგების, ექიმების პროფესიონალიზმმა მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს
ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.
„ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.
წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.
მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.
დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.