ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, საქართველო იაპონიის გვერდით დგას

ჩვენი ფიქრები და ლოცვები შინძო აბეს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მთავრობის მეთაური იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო იაპონიის გვერდით დგას.

„ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს შინძო აბეზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს ქალაქ ნარაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში ესროლეს, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 41 წლის მამაკაცი დააკავა. დაკავებული ქალაქ ნარას მცხოვრები ტეძუია იამაგამია. ადგილობრივი პრესა წერს, რომ ის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.

შინძო აბე შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, უმიო კიშიდამ უმკაცრესად დაგმო ყოფილ პრემიერზე თავდასხმა. მისი ინფორმაციით, შინძო აბე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა. ის იაპონიის ისტორიაში ამ თანამდებობაზე ყველაზე ხანგრძლივი ვადით მსახურობდა. შინძო აბე 2020 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით გადადგა.