ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია
გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საახალწლო მილოცვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია.
„უკრაინაში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ უამრავი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში“, – აღნიშნავს პრემიერი.