ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას, სეპარატისტებს, კითხვები ყოველთვის იარსებებს, წლების განმავლობაში პროცესების მოსაგებად ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით
საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კითხვები, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა, რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში სასამართლოში ყველა პროცესის მოსაგებად, მიზნის მისაღწევად ამ საკითხზე არ საუბრობდა.
„ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. ომს რაც შეეხება, ომის დეფინიცია შეგიძლიათ მოიძიოთ. მაგრამ მე რა აქცენტებიც გავაკეთე, და არამხოლოდ, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. აი, მარტივ კითხვას დაგისვამთ: კოდორის ხეობა, რომელიც საერთოდ მანამდე არ ფიგურირებდა, არც არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამთ არც სეპარატისტ აფხაზებს, როგორ მოხდა, რომ ამ ომის ფარგლებში, ხუთ დღეში უბრძოლველად ჩააბარეს ოკუპანტებს, გადასცეს და საერთოდ დაიკარგა? ამაზეც კითხვას არავინ აღარ სვამს და თქვენ მე მეუბნებით, რომ კითხვა არ უნდა დავსვა?! რას ნიშნავს, ჩვენი ძირძველი ტერიტორიები გადასცეს ოკუპანტ ქვეყანას და სეპარატისტებს. მე აღარ მსურს, ამ თემაზე დეტალებში შევიდე, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან ბევრი ბუნდოვანება არსებობს. ჩვენ მთელი ეს წლები იმ მიზნის მისაღწევად, რომ უნდა მოგვეგო ყველა პროცესი სასამართლოში, და ასეც მოხდა, ამ თემაზე ღიად არ ვსაუბრობდით, მაგრამ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. კითხვები: რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.