ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნატოელი პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ვიდრე საქართველოს აქვს მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთთან, ეს იქნება ერთ-ერთი ბარიერი.

„ნატო-სთან მიმართებით მინდა განვაცხადო შემდეგი: ჩვენ, ჩვენი ქვეყანა დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ჯარი იყოს უკეთ მომზადებული, რომ ნატოსთან თავსებადობა გაიზარდოს, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალები, განვახორციელოთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომელიც გასატარებელი იყო. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ერთ-ერთი ასპირანტი ქვეყანა. ნატო-ს წევრობას რაც შეეხება, მე უკვე ამაზე მოგახსენეთ დეტალურად. ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. რა ვერ გაიგეთ ჩემს ნათქვამში. მე ვთქვი, რომ ბარიერი ნამდვილად არის, ეს თავად ჩვენს ევროპელ და ნატოელ მეგობრებს პრადად უთქვამთ, რომ ვერ გახდება ქვეყანა ნატოს წევრი. გასაგებია გერმანიის მაგალითი, მაგრამ სხვა რეალობა იყო, დღეს სხვა რეალობაა. დღეს ასეთი მოცემულობაა. ეს არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ეს არის მათი პირდაპირი ნათქვამი, რომ სანამ გაქვთ კონფლიქტი, მიმდინარე ოკუპაცია და კონფლიქტი რუსეთთან, ეს არის ერთ-ერთი ბარიერი. ეს ბარიერი და ეს მემკვიდრეობა დაგვახვედრეთ თქვენ ძვირფასებო, ჩვენ არ მოგვიგონია და არ შეგვიქმნია. პირიქით, ჩვენი გონივრული, სწორი, ეროვნული პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ მსოფლიოში მეორე ადგილზე გავედით წელს და ბოლო ათწლიანი პერიოდია შეფასებული, როგორც გრძელვადიანი მშვიდობის მქონე ქვეყანა. რაც მანამდე იყო უბრალოდ ოცნება. არც ერთი მმართველის პირობებში არ ყოფილა ასეთი გრძელვადიანი მშვიდობა. დაწყებული პირველი პრეზიდენტის შემდეგ, შევარდნაძის შემდეგ, სააკაშვილის დროს იყო მუდმივი შიდა თუ გარე  ომები, კონფლიქტები და არეულობა. ასე, რომ ამ მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება დაფასება, შენარჩუნება და განმტკიცება და არა მუდმივი არეულობა და დესტაბილიზაცია ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა პრემიერმა.