ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა და თხოვნისა დასავლელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ჩაერთვებოდა ანაკლიის პროექტში
ანაკლიის პროექტზე პირადად მე მქონდა საუბარი სტრატეგიულ პარტნიორებთან და ერთგვარი მოწოდებაც იყო ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მეტი აქტიურობა გამოეჩინათ დასავლურ კომპანიებს, დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით, აღმოჩნდა ისე, რომ ჩინური დიდი კომპანია არის გამარჯვებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ისეთ სტრატეგიულ პორტში, როგორიც ანაკლიის პროექტია.
„ანაკლიის პორტის პროექტზე პირადად მე მქონდა საუბარი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ერთგვარი მოწოდებაც, თხოვნაც იყო ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ სამი წლის წინ, რომ მათი მხრიდან ყოფილიყო მოწოდება, მეტი აქტიურობა გამოეჩინათ დასავლურ კომპანიებს და დაინტერესებულიყვნენ ამ პორტის მშენებლობით. აღმოჩნდა ისე, რომ ბოლო პრეტენდენტი, ჩინური დიდი კომპანია არის გამარჯვებული. აქვე, ჩვენი გადაწყვეტილებით, 51 პროცენტი არის სახელმწიფო კუთვნილება და მხოლოდ 49 პროცენტი იქნება გამარჯვებული პარტნიორის. ვისაც ესმის ლოგისტიკა თუ ზოგადად ტვირთების საკითხი, საიდან შეიძლება, რომ დამატებითი ტვირთები მოვიზიდოთ ქვეყანაში, მგონი, საერთოდ კითხვა არ უნდა არსებობდეს, პირიქით, ყველას უნდა უხაროდეს, რომ ჩინეთის ინტერესი დაფიქსირდა ამ სტრატეგიულ პორტში. ჩვენ ვიცით, რომ ამ დერეფნის განვითარების ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის მონაწილეობას. ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა, თხოვნისა დასავლელი პარტნიორების მიმართ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არცერთი დასავლური კომპანია, რომელიც ჩაერთვებოდა ამ პროექტში. ამიტომ, რეალობიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.