ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით, თუ რამე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით, თუ რამე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის

ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით, თუ რამე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან გამომდინარე, რომ პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი, საიდან დაიწყება შემდეგი ნაბიჯები? ასევე, ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, როდესაც ბრიუსელი საუბრობს ქართველი ხალხის სურვილზე და ისტორიულ არჩევანზე, გარკვეული ინტერპრეტაციები მოჰყვება ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რა არის ამ დროს ხელისუფლების პასუხი?

„თუ რამეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რამეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალიან უსუსური მცდელობაა იმისა, რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ბოლო 11 წელია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით, ჩვენი ხალხისთვის და კიდევ ვიმეორებ, თუ რამე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია. ასევე, რაც შეეხება მთავარ, პირველ რიგში დასმულ შეკითხვას, რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, გავაგრძელებთ, ისევე, როგორც ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის შესრულებული. ნაწილი, შეიძლება, ნაწილობრივ არის შესრულებული, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.