ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ამერიკის სახელმწიფოს გამორჩეული მეგობარი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების
ჩვენ ვართ ამერიკის სახელმწიფოს გამორჩეული მეგობარი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ამაყობს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობით.
„ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ გამორჩეული უნიკალური სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან – სახელმწიფოსთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდამჭერი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს და მე ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავ განხორციელებული, გაწეული დახმარებისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე მოყოლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სანქციებზე საუბარი არის სპეკულაციები და ეს პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება.
„ჩვენი მხრივ, გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ აღნიშნული პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორუფლებიან, ურთიერთპატივსაცემ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ყოველგვარი საუბარი, სპეკულაციები, არც მინდა გავიმეორო – სანქციები და ასე შემდეგ, პირდაპირ პრორუსულ ნარატივს ემსახურება. ეს არის რუსეთის პოლიტიკის ინტერესების გამტარებელი. მე მოვისმინე ბევრი ადამიანის განცხადება და ინტერპრეტაცია. ზოგადად, ბევრი ინტერპრეტაცია და ზოგადი განმარტებაც შეიძლება მოვისმინოთ, როგორ მოქმედებს ამერიკა და რა სახის ბერკეტებს იყენებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ მეგობარი სახელმწიფო რეგიონში. ამის თქმის სრული უფლება მაქვს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ ვართ ამერიკის სახელმწიფოს გამორჩეული მეგობარი და არა ცალკეული ინდივიდების, არც ცალკეული ჩინოვნიკების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.