ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ოკუპაციის წინააღმდეგ არჩეული გვაქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა, მჯერა, მიზანმიმართული, მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკით დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება
13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ ყველას, მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის , მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი ჩვენი სამშობლოს, ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 13 წლის წინ ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება.
„ვესაუბრებით მათ მშობლებს და გვახსენდება, რაოდენ დიდი ტკივილი და მოუშუშებელია ის იარა, რომელიც აგვისტოს ომმა ყველას მოგვაყენა. გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია, ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და მითვისებულია რუსეთის მიერ. მე აქ გარდაცვლილთა ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე გავაკეთეთ უკვე შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას ოკუპაციის წინააღმდეგ პრაგმატული პოლიტიკა აქვს არჩეული.
„ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, დავიცვათ ჩვენი ხალხი ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი, მთლიანობაში, ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ჩვენ გვაქვს არჩეული პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ, მის დასაძლევად, დეოკუპაციის მისაღწევად. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, გონივრული პოლიტიკა. ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ჩვენს ხალხს და ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, სირთულეები და ომი. მიზანმიმართული, მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკით მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, 7 აგვისტოს დაიწყო ომი თუ 8 აგვისტოს, პრემიერი აცხადებს, რომ თარიღით სპეკულირება სირცხვილია.
„სირცხვილია ამ თარიღებით სპეკულირება. ფაქტებსა და შედეგზე ილაპარაკეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. შესაბამისად, გთხოვთ, ისეთი თემები, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, – აღნიშნა პრემიერმა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.