ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ

ჩვენ მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროში.

„მე მინდა ასევე კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონო9მიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, იღებენ განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც შეეხება როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს. დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საინვესტიციო გარემოზე, საჰაერო, საზღვაო დაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე შევეხეთ კოვიდ 19-ის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყველა ქვეყანაში მძვინვარებს აღნიშნული პანდემია და ამ მიმართულებთ თანამშრომლობა აუცილებელია. ასევე მინდა ბოლოს აღვნიშნო, რომ დღევანდელი ვიზიტი მჯერა იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი ძლიერი თანამშრომლობის და მეგობრობის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.