ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას

ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი პროექტია დაგეგმილი, რომელიც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას.

„ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, თუ როგორ განავითაროს მისდამი დაქვემდებარებული უწყება. ძალიან ბევრი პროექტი არის დაგეგმილი, რომელიც შეეხება, იგივე ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას. ამ მიზნით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პროექტების მხარდასაჭერად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები, იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი, პროგრამა იყოს დაფინანსებული. კიდევ ერთხელ, მე მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.