ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთმა მინისტრმა მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ გამოწვევები მაინც რჩება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბევრმა, არაერთმა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები წამოიწყო, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და ჩვენს მინისტრს, ბატონ გიორგის აქვს ძალიან კარგი ხედვა, კარგად გააზრებული. ჩვენ ძალიან აქტიურად, მჭიდროდ ვმუშაობთ ამ საკითხების გადაწყვეტაზე. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი არის ხარისხიანი განათლება. დღეს მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება ხარისხიანი განათლება და ამაზე მიუთითებს ყველა კვლევა. ზოგადად, კარგად ვიცით, რომ ეს ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთო, ეს იქნება ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა. მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა და ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და ამ მხრივ მხარდაჭერა გაგრძელდება. ზოგადად, მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების კუთხით. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, რომელიც სრულიად ახალ ხედვას ეფუძნება და ამ ხედვას ბატონი მინისტრი თავად წარმოგიდგენთ ძალიან მალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.