ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან, მთავარი მოტივია, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან, მთავარი მოტივია, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება

ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება და მაღალი ალბათობით, ევროკავშირისგან თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ტრაგედიაა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში და მოგეხსენებათ, ის გაწევრიანებულია ევროკავშირის სახალხო პარტიაში და აქვს ყველა მცდელობა, რომ რამენაირად, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს და 75 მილიონი ევროს მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო უბრალოდ გრანტი, რომლის თაობაზეც ალბათ მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს კომენტარს. წელს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც აღმოგვიჩინეს კოვიდპანდემიის მართვის დროს და ზოგადად ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს და აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას. მეორე მხრივ, ამ საკითხმა შეიძინა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან არიდების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს, ჩვენ გადაწყვეტილიც გვაქვს, თავი შევიკავოთ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებისგან. კიდევ ვიმეორებ, მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. მოგეხსენებათ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წინასწარი ინფორმაციით, 10 პროცენტამდე იქნება ივლისის თვის, რაც ჯამში, თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იქნება 12,2. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ზრდა. ზედმეტი სპეკულაციები არ არის საჭირო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რამენაირად შეზღუდონ და შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, ეს არის მიუღწეველი და არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.