ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან

ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით თავიდანვე, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ ეს დიალოგი ოპოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას, არ არის ქვეყნის ინტერესებში და სწორედ ეს იგულისხმა, როდესაც გააკეთა განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

„ჩვენ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა განვახორციელეთ, რათა მომხდარიყო ამ წნეხის დეესკალაცია და გარკვეული იდეები, შემოთავაზება გვქონოდა. ჩვენ ძალიან აქტიურდ ვიყავით ჩართულნი ამ პროცესში. არ მინდა, დეტალებში შევიდე, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება. დანიელსონი საქართველოშია ამჟამად, ის შეხვედრებს ატარებს ოპოზიციასთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“ და ამიტომ დაველოდებოდი საბოლოო შედეგს ამ კონსულტაციებიდან. რაც შეეხება კითხვას, თუ რა ვიგულისხმე იმაში, რომ არაფერს გავაკეთებდით სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, უნდა ვთქვა – რაც ყველა ქართველის ინტერესებშია. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა ან პოლიტიკური მიკერძოებისა, ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა, ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა, დამოკიდებულება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას, არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, აი, ეს ვიგულისხმე სწორედ, როდესაც გავაკეთე განაცხადი, რომ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის საერთო დამოკიდებულება,“- აღნიშნა პრემიერმა.