ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ
ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს, რომ „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს შორეულ პერსპექტივაში ხედავს. რატომ ჩამოვრჩებით ტრიოს ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილზეა“, რაზეც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სწორი ინფორმაცია“.
„თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ არათუ ჩამოვრჩებით, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე.
მინდა, იცოდეთ, რომ რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით – საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ ამ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ ვუსწრებთ ევროკავშირის 14 ქვეყანას, ნატო-ს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას. ეს არის რეალობა და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.