ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას
ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების 80% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა.
„ეს არის აღმაშფოთებელი, რადგან მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ დაველოდებით 23-24 ივნისს, რომ გავიგოთ ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც რეალურად აქვთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ ჩვენს ევროპელ, ნამდვილ მეგობრებს. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. საჯაროდ ვთქვი ბრიუსელშიც, დავოსშიც და ბრატისლავაშიც, რომ ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“ , – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკურად მიკერძოებული და მისთვის არაფრისმთქმელია.
„შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2012 წელს, როცა სასამართლო იყო ნოტარიუსის ოფისი, პროკურატურა არ არსებობდა კი არა პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის, აღარ ჩამოვთვლი, რა უბედურებაც ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ, მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა. მედიათავისუფლებას რაც შეეხება, დღეს 10 დღეში შეიძლება, რომ ტელევიზია გახსნათ, ამიტომ ვთქვი, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრისმთქმელია, ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული. თქვენ მკითხეთ პირობითობაზე, მინდა გითხრათ, რომ გარდა იმ რეფორმებისა, რომელიც უკვე განვახორციელეთ და რომელმაც რეალურად ქვეყანა გარდაქმნა და წარმოაჩინა, როგორც სამაგალითო დემოკრატია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ წინ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ ჩვენ ასევე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც პრაქტიკულად ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო იგივე 19 აპრილის შეთანხმებაში, ძალიან ბევრი, დიდი ნაწილი არის გადმოსული ამ დღის წესრიგში და რა თქმა უნდა, ამ რეფორმებს, ამ პროცესს ჩვენ ვაგრძელებთ. ეს კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ, ეს პროცესია რეალურად, ყველა სფეროში ასეა. ისე არ არის, რომ ადამიანმა რაღაც გააკეთოს და გაჩერდეს, ეს არის ცოცხალი პროცესი და ამას ჩვენ რა თქმა უნდა, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ ჩვენ მეგობრებო, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ხალხის მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება, ეს არის მთავარი. მარტივ მაგალითს შეგახსენებთ, გახსოვთ, 2007 წელი იყო თუ 2008 წელი, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არ მონიჭებით რაღაც მოხდებოდა, არ მოგვანიჭეს მაპი, მაგრამ რა მოხდა, ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. მე გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ ჩვენ, ერთი რამ მინდა გაითვალისწინოთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.