ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ
ჭიათურის ცნობილი საბაგირო, რომელიც არის უმაღლესი სტანდარტის მიხედვით გაკეთებული, უნიკალური პროექტია, ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჭიათურაში განაცხადა, სადაც, რეაბილიტირებული საბაგირო დაათვალიერა.
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მოწვეული ჰყავდა ფრანგული კომპანია „პომა“, რომელმაც სამუშაოები შეასრულა.
„ეს არის უნიკალური პროექტი ჩვენი ჭიათურისთვის და ჭიათურელებისთვის. ორი კვირაა, რაც საბაგირომ მუშაობა დაიწყო და უკვე 20 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა აქ, რომლებმაც საბაგიროთი ისარგებლეს. ეს იყო გამოწვევა, პრობლემა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ და ავაშენეთ ახალი საბაგირო, რომელიც დაჯდა 55 მილიონი ლარი. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს ძალიან წარმატებული, ეფექტური სამუშაოსთვის, ასევე საფრანგეთის საელჩოს, დიეგო კოლასს, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და ფრანგულ კომპანია „პომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჭიათურაში ახალი საბაგირო გზების მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახალი საბაგირო გზები ჭიათურაში საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების დაფინანსებით აშენდა და პროექტის საერთო ღირებულებამ 55 მილიონი ლარზე მეტი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბაგირო სადგურებსა და გზებს. საბაგირო გზების საერთო სიგრძე 3428 მეტრია და მასზე თანამედროვე სტანდარტების 8 გონდოლა იმოძრავებს. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ „პომამ“, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. საბაგირო გზების მშენებლობაზე, ქართულ კომპანიასთან ერთად, მუშაობდნენ ფრანგული კომპანიების „ტექკაბელის“ და „პომას“ სპეციალისტები.
პროექტის ფარგლებში აშენდა 4 რევერსული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა ქალაქის ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მდებარე უბნებისთვის. ქალაქის ცენტრიდან საბაგირო გზები გადაიყვანენ მგზავრებს შემდეგი მიმართულებით – სანატორიუმი, ნაგუთი, ლეჟუბანი და მუხაძე. ახალი საბაგირო გზის ოთხივე მიმართულება უკვე შესულია ექსპლოატაციაში და ემსახურება მოსახლეობას. საბაგირო ტრანსპორტი ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება იყო. ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული საბაგირო ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა. ჭიათურის ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით დღეში დაახლოებით 2 000 ადამიანს უკვე აქვს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.