ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება მიღწეულ შედეგს
ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ნამდვილად ისტორიული დღე, ეს არის ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უზარმაზარი შრომა გაწია, რომ შედეგი დამდგარიყო.
„მადლობა, მინდა, გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს, განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. ეს პერიოდი იყო საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი, უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა, გადავუხადო მადლობა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 24-საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ჩვენ დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და, მკაფიოდ უნდა ითქვას, პოზიტიური, დადებითი. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც ასევე მხარს უჭერდა და უჭერს, საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, ვინაიდან ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა, შეიძლება ასე ითქვას, გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, საუბრები ამერიკელ მეგობრებთან. მინდა, აქვე გამოვყო სალივანთან შეხვედრა და მინდა, პირადად მას გადავუხადო მადლობა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სალივანისა და აშშ-ის მთავრობის, ასე ვთქვათ, სურვილი და მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მე მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და, შეიძლება ასე ითქვას, გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში. ჩვენ, განსაკუთებით, ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.