ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი წარადგინა
ჩვენ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი დავაფინანსეთ, თუნდაც მარნეულში, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი, ყველაფერი, ყველა პროექტი მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულში, „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის, ქენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი და ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.
„მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს ხელშესახები, კიდევ უფრო მეტი განვითარება უნდა შემოვიტანოთ ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივა – განახლებული რეგიონები, რომელიც არის მრავალწლიანი პროექტი, წელს იხარჯება 500 მლნ. ჩემი სურვილია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქში, მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი ცენტრები, რეკრეაციული სივრცეები, განახლებული ბაღები, სკვერები, ახალი ტურისტული ადგილები, იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ უფრო უკეთესად, კომფორტულად იგრძნოს თავი, ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დამშვენდება, გალამაზდება და გაძლიერდება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა.
„თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვემზადებით. გუშინ, ოფიციალურად დავიწყეთ კამპანია რუსთავში. დღეს, ახლა, მარნეულში გვაქვს ამის თაობაზე შეხვედრები. ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები. ჩვენი კანდიდატის ნომერ პირველი დავალება და ამოცანა უნდა იყოს მაქსიმალური ყურადღება და კომუნიკაცია ხალხთან, ხალხზე ზრუნვა და ხალხთან მუშაობა. ყველა პრობლემა უნდა გადავუწყვიტოთ ჩვენს მოსახლეობას. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი კომუნიკაცია, ადგილზე გასვლა, სოფლებში, ყველგან, ყველა უბანში უნდა ჩავიდეს მერი და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კვირაში ერთხელ შეიძლება დაწესდეს, თუნდაც, მოქალაქეების მიღების საათები, რომ არც ერთ მოქალაქეს არ დარჩეს განცდა, რომ მთავრობა და კონკრეტულად, ადგილობრივი ხელისუფლება არ აქცევს ყურადღებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ცენტრალური მთავრობა ვაკეთებთ ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.