ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი გულწრფელი სურვილია, ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს მეგობრებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ რაიმე ბუნდოვანებაა, ეს კითხვები განხილული უნდა იქნეს დახურულ კარს მიღმა
ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან გვაქვს, ჩემი გულწრფელი სურვილია, თუ რაიმე გაუგებრობაა, ეს უნდა იქნეს განხილული დახურულ კარს მიღმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.
„მე ბევრჯერ მითქვამს და ჩემი პოზიციაც იცის ყველამ, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, ეს არაერთხელ მითქვამს, რომ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნეს განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი.
რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც საფუძველს მოკლებული განცხადებაა.
„რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული.
იმასაც დავამატებ, რომ, ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და წავალთ წინ. საჭიროა კომუნიკაცია, დიალოგიც, რათა ეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა მოიხსნას, რომ არ იყოს ეს ბუნდოვანება საზოგადოებაში შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.