ირაკლი ღარიბაშვილი - ცესკო-ს შევთავაზებთ, რომ აცრებს ჩავუტარებთ კომისიის წევრებს, ასევე, გვსურს, კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია, რათა „კოვიდისგან“ დაცული, უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ
შევდივართ რა აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს შესთავაზებენ კომისიის წევრებისა და არჩევნებში ჩართული პირების ვაქცინაციას. ასევე, ვაქცინაციას შესთავაზებენ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს.
„ჩვენ ხვალ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება. მით უმეტეს, შევდივართ რა აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაღაც გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ ცესკო-ს შევთავაზებთ, მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს. ასევე, კანდიდატებს გვსურს, შევთავაზოთ ვაქცინაცია და ზოგადად ყველას, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, რათა მართლაც მაღალი სტანდარტით, „კოვიდ ფრი“, ასე ვთქვათ, „კოვიდისგან“ დაცული, უსაფრთხო არჩევნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.