ირაკლი ღარიბაშვილი - ცაგერში ჩვენს კანდიდატს სულ რაღაც 45 ხმა დააკლდა, რაც არის კლასიკური ნიმუში და იმის მტკიცებულება, როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს, მჯერა, იგი დამაჯერებლად გაიმარჯვებს
დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა ცაგერის საარჩევნო შტაბის წევრებთან, ჩვენს პარტიასთან, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, გიორგი ნემსაძე, რომელიც დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას სულ, რაღაც 45 ხმა დააკლდა პირველ ტურში, რაც არის კლასიკური ნიმუში, მაგალითი და მტკიცებულება იმისა, თუ როგორ სუფთად და გამჭვირვალედ ატარებს „ქართული ოცნება“ არჩევნებს.
„გავიხსენოთ, როგორ არჩევნებს ატარებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირდაპირ ტერაქტებს უწყობდა საკუთარ ამომრჩეველს. მე გაგახსენებთ ხურჩის ე.წ ტერაქტს, რომელიც თვითონ დადგეს და ჩვენი ამომრჩეველი დაზიანდა, ერთ-ერთი ქალბატონი დაიჭრა. ასეთი ხელწერით მართავდნენ ისინი არჩევნებს. 45 ხმა დააკლდა ჩვენს კანდიდატს, წარმოიდგინეთ, როგორი გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ, მართლაც სანიმუშო და ნამდვილად ევროპული სტანდარტების. აქედან გამომდინარე, ჩვენი კანდიდატი გიორგი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და მჯერა, რომ ცაგერის მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ ყველგან და არ მივცეთ საშუალება არც ერთ პროვოკატორს ქვეყნის დაძაბვის და ქაოსის შემოტანის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.