ირაკლი ღარიბაშვილი - ბუნებრივია, შეცდომები მოგვდის, მაგრამ გვაქვს მათი დანახვის, აღიარების უნარიც და გამოსწორების შესაძლებლობაც
არჩევნებში გამარჯვებაში ღრმად ვართ დარწმუნებული, რადგან ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ალტერნატივა დღეს ქვეყანაში არ ჰყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.
„არ ვამბობ იმას, რომ იდეალურები ვართ, ბუნებრივია, შეცდომები მოგვდის, მაგრამ ჩვენ ამ შეცდომებს ვასწორებთ და წინ მივდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეცდომების დანახვის უნარიც, აღიარების უნარიც და ამის გამოსწორების შესაძლებლობაც.
ჩვენი გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“, მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მჯერა, რომ მთავარ მონაპოვარს კიდევ უფრო განამტკიცებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში.
ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება, ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რასაც ჩვენი შემდგომი განვითარება უნდა დაეფუძნოს, მოსახლეობის ძირითადი კეთილდღეობა.
კარგად გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არ მოუტანია. ჩვენი ოპონენტები, დესტრუქციული ძალა იმით აპელირებს, რომ თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი იდეალური იყო და 2012 წლის შემდეგ, ყველაფერი ერთიანად დაინგრა. ეს არის ის ნარატივი, ის ტყუილი და სიცრუე, რასაც ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.
მოდით, ვაღიაროთ, 30 წლის განმავლობაში, ჩვენი ხელებით ვანგრევდით ჩვენს ეკონომიკას, მოქალაქეებს უამრავ პრობლემას ვუქმნიდით. სწორედ ამ უგუნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა აქვე მხარდაჭერა გამოუცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს.
„მინდა, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა გამოვუცხადო, ჩვენს ღირსეულ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს, რომელიც არის პარლამენტის გამორჩეული წევრი, თავისი ნიჭიერებით გამოირჩევა. მჯერა, რომ რეგიონის მოსახლეობას საუკეთესოდ მოემსახურება და ის თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.