ირაკლი ღარიბაშვილი - ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, გვეუბნებიან, იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება, ქვეყნის მტრობა დანაშაულია
ჩვენი მთავრობა როცა ინტენსიურად მუშაობდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ რამენაირად არ მიეღოთ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი დონის ანტისახელმწიფოებრივ მტრობასთან გვქონდა საქმე.
„ახლა უფრო მეტს გეტყვით. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ბრიუსელში და თითქმის იდენტური, განმეორებითი იყო, როცა მოვისმინე, რომ არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რამენაირად იქნებ არ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, მეგობრებო, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ თქვენს მიერ ნახსენები დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მათთან აფილირებულ წარმომადგენლებზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, რომ დღესაც ოპოზიციის წარმომადგენლების ერთადერთი მიზანია, როგორმე ქვეყანა დაიჩაგროს.
„ჩააქვთ იქ დეზინფორმაცია, ათასი სისულელე და ავრცელებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს და ინფორმაციას. მათი მიზანია, ამით ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს, დაისაჯოს ჩვენი სახელმწიფო. ჩვენზე კი არ არის საუბარი, საუბარია ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. უფრო მეტს გეტყვით, მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა ჩვენს ხალხს, ჩვენმა მთავრობამ, თუ რაიმე გააკეთა რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. შეგახსენებთ, რომ ბატონი ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ. მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი ჩვენი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენი მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.