ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო წლებში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ 250-მდე სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, გაზიფიცირდა ძალიან ბევრი სოფელი
დედოფლისწყაროში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დედოფლისწყაროში, დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იგეგმება გმირთა მემორიალის სახელობის ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ასევე მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა.
„რაც შეეხება რეგიონების განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 32 მლრდ. ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ უნდა გარდავქმნათ ყველა ქალაქი და ყველა მუნიციპალიტეტი და ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ყველა სოფლის დონეზე უნდა ჩავიტანოთ განვითარება. ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახლა განვითარება, განვითარება და განვითარება, რა თქმა უნდა, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც შეძლო, გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში, რომელიც მანამდე ჩვენ არ გვქონია. დღეს, ვიხსენებთ რა აფხაზეთში ომის დაწყების ტრაგიკულ თარიღს, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს პასუხისმგებლობას რომლიც ეკისრება ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას ზოგადად ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ხალხის წინაშე, პასუხისმგებლობას რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ხალხის დაცვა არის ერთერთი ნომერი პირველი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების. განათლების მინისტრი გვესწრება დღეს.
ბოლო წლებში 175 ახალი სკოლა ავაშენეთ 250 – მდე სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, განათლების მინისტრს აქვს ხედვა რომ ყველა სკოლა მოეწყოს ევროპული სტანდარტების მიხედვით, ჩვენ ახლახან დავათვალიერეთ ზემო მაჩხაანის ახალი აშენებული სკოლა, რომელიც მართლაც სანიმუშო მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა, ასეთ გარემოში უნდა აღიზარდონ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა და ასეთი გარემო უნდა იყოს შექმნილი ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში. დედოფლისწყაროში ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. გარდა იმისა, რომ ალიან ბევრი გზა დავაგეთ, ყველა უბანში შევედით დ მსგავსი მასშტაბური სამუშაოები წლების განმავლობაში არ ყოფილა ჩატარებული. გაზიფიცირდა ძალიან ბევრი სოფელი. რამდენიმე საათი უწევდა ადმიანს, რომ ჩასულიყო ქვემო ქედში. ახლა ეს სულ რაღაც 20 წუთშია შესაძლებელი. მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს ყველა ქალაქში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ჩვენ გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. კაცი, რომელმაც ალიან კარგად იცის ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები. სწორედ ასეთი უნდა იყოს მერი, კაცი, რომელიც ჩადის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ავად ესაუბრება, ადგილზე წყვეტს მათ წინაშე არსებულ პრობლემებს. ჩვენ ასევე, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროში დაგეგმილი გვაქვს ჩემთვის და ყველასათვის სანატრელი პროექტის განხორციელება – გმირთა მემორიალის სახელობის ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მიტოვებული.
ჩვენ ახლა ვიწყებთ აღნიშნული პარკის რეაბილიტაციას. ამ პროექტის ფარგლებში განახლდება მთლიანად მუნიციპალიტეტის ცენტრი და ბევრ შენობას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. ჩენ ამას გადავაქცევთ ევროპული ტიპის ქალაქის ცენტრად. მთავარი მინდა აღვნიშნო – წლებია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ელოდება წყლის პრობლემის მოგვარებას. ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, თუცა იყო გარკვეული პაუზა. ახლა დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი, დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე, 58 მილონი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში და დედოფლის წყაროს და დედოფლისწყაროს სოფლებს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.