ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პრეზიდენტის ყველა ოფიციალურ მომართვაზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პრეზიდენტის ყველა ოფიციალურ მომართვაზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი  განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

პრემიერმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო.

„მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეის მდგომარეობით, არავითარი მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესებისა და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით და რას მეუბნებით, რომ მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს? არ ვიცი ის რას ამბობს, მე გეუბნებით მტკიცებულებით. არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი მოთხოვნა, რაც შემოვიდა ყველა დავუკმაყოფილეთ.

სამწუხაროა, რომ საერთოდ პირდაპირ, რომ იტყვიან, იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.