ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო დღეებში იმატა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მთავარი გამოსავალი არის ვაქცინაცია
ბოლო დღეებში გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება და მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში უკვე შემოვიდა ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა და ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინა შემოდის.
„ბოლო დღეებში ხედავთ, რომ გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების მატება. მინდა, ვუთხრა ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობა არ იყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩამოგვეტანა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ მილიონი დოზა ვაქცინა არის ადგილზე, „ფაიზერის“ ერთი მილიონის მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინები. ამასთან, „ფაიზერის“ ნახევარ მილიონი დოზის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საჭიროა, ყველა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და აიცრას.
„ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა ბავშვებში. როგორც მშობელმა, მინდა, მივმართო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც დავიწყეთ. გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა, 10 ათასი აცრა ჩავატარეთ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ავიდეთ სულ მცირე 20-30 ათასამდე, რომ თვეში დაახლოებით ჩვენი მოქალაქეების ნახევარი მილიონი ავცრათ. ამის გარდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მე არ მინდა, გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა, რაც არის შემაწუხებელი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, კერძო სექტორმა და თითეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას ახლა სჭირდება თანადგომა. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ძალისხმევით ფართო ვაქცინაციის წარმატებით დასრულება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.