ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და შეცდომაში შეყვანას
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და შეცდომაში შეყვანას

ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და შეცდომაში შეყვანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს, რათა გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ.

„მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას, და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა გამოვხატოთ მხარდაჭერა, იქნება ეს პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური, თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ღარიბაშვილის განმარტებით, ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის კარგად ცნობილია.

„ეს ყველაფერი ადრე, 2008 წელს გვაქვს გავლილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, უნდა ითქვას პირდაპირ, უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურება. საკუთარ ანგარებას ხედავენ და საკუთარ ანგარებას ეძებენ. უნდა ითქვას პირდაპირ – მე არ მოვერიდები, რომ მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას.

ასევე, კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, თუ როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გავახსენებდი ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, მიატოვა კაცმა და აჩვენა მთელი სირცხვილი, მთელ ერს აჩვენა საკუთარი მხდალი სახე, მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა მიწაზე ფორთხვით და ჰალსტუხების ჭამით.

მეგობრებო, ჩვენ ეს ძალიან კარგად გვახსოვს. კარგად გვახსოვს, თუ ვინ იომა 2008 წლის ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა, თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს ჩვენმა გმირმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარალმენტარები, ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე, კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში, რომ იტყვიან, საშინლად ჩაიბეჭდა უსაფრთხოების საბჭოს ის სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. როდესაც ჩვენი გმირი მეომრები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, მაშინდელი სააკაშვილის მეთაურობით, ხუმრობის გუნებაზე იყვნენ. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს, მეგობრებო, და დღეს ეს ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს. თურმე უკრაინაში, ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.