ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო ათწლეულში წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგანან
ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქართველ დიპლომატებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ჩვენი ქვეყნის დასაცავად, გასაძლიერებლად. ჩვენთვის, ყველასთვის სასიხარულოა, რომ დღეს აღინიშნება დიპლომატიის დღე. ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ქალბატონი პრეზიდენტის, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა და მინდა მას მადლობა გადავუხადო. სიმბოლურია, რომ დიპლომატის პროფესიულ დღეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღვნიშნავთ.
კარგად მოგეხსენებათ, რომ დიპლომატია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მაგრამ სწორედ სულხან-საბას სახელს უკავშირდება როგორც თანამედროვე დიპლომატიის განვითარება საქართველოში, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკაში იმ ფასეულობების, ორიენტირებისა და ამოცანების დამკვიდრება, რომლებიც დღესაც წარმართავს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე.
თავის დროზე დიდი სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედსა და ცივილიზაციურ არჩევანს – ევროპულ ერთა ოჯახში ინტეგრაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ისტორიული პროცესების გამო, ამ მიზნისკენ სრულფასოვნად სვლა მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განახლდა. ბოლო ათწლეულში კი, ჩვენ განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში ქართველი დიპლომატები დგახართ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.