ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წელში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 300%-ით არის გაზრდილი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 11 წელში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება 300%-ით არის გაზრდილი

მინდა, საინტერესო მონაცემები გაგიზიაროთ რკინიგზასთან დაკავშირებით. ბოლო 11 წელში საქართველოს რკინიგზის წმინდა მოგება გაზრდილი არის 300%-ით. 2012 წელს მოგება იყო 97 მილიონი ლარი, ხოლო შარშან იყო 400 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის რკინიგზის მუშაობის კონკრეტული შედეგი.

„ასევე ჯამურად გაზრდილი არის რკინიგზის ჯამური შემოსავლებიც, 675 მილიონი იყო შარშან. ასევე მინდა გითხრათ, რომ სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავლებიც გაზრდილი არის 38%-ით და შეადგინა 617 მილიონი ლარი.

გრძელდება, რა თქმა უნდა, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც თითქმის დასრულების ფაზაში გადადის. 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და შედეგად 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება გამტარუნარიანობა.

ჩვენ ასევე დავიწყეთ შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმირება წელს და გვინდა, რომ 2024-2025 წლებში დასრულდეს ეს რეფორმაც, შედეგად, რა თქმა უნდა, გაუმჯობესდება მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი. კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და უსაფრთხოების დონის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ რეფორმის. პარლამენტში არის უკვე, მოგეხსენებათ, წარდგენილი ეს პაკეტი.

რეგიონებში აქტიურად დავიწყეთ თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენა, წელს უკვე შევიძინეთ 150 ავტობუსი, ნაგავმზიდები და ა.შ. ასევე დაგეგმილი არის სხვა უფრო მცირე ავტობუსების შეძენაც. ჩვენ გვინდა, რომ სრულად ჩავანაცვლოთ ეს ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და ჩვენმა მოქალაქეებმა იმგზავრონ კომფორტული ტრანსპორტით“, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.