საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს, ტოდ ბაიერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის – A Pleasure Doing Business-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებით მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს.
კამპანიის მიმდინარეობისას „ბლუმბერგი” აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.