ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG“-ი დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი „Siemens Energy“-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, „Siemens Energy“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნოს წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს.

„ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება.

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy“-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

„Siemens Energy”-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.